
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხები დილიან გორნაბოის, ტერტერის, აღდამის, ბარდისა და აღჯაბადის დასახლებულ სოფლებს ბომბავენ. არიან მოკლულები და დაშავებულები, თუმცა, მათი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, ჰიკმეტ ჰაჯიევი, Twitter-ზე სომხეთის საფრენი აპარატების განადგურების სურათებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დრონები დასახლებულ სოფლებში დაფრინავდნენ.
სომხეთის ოფიციალური პირები კი საკუთარ Twitter-ზე წერენ, რომ მათ მტრის შეტევის მოგერიება უწევთ:
"დილის 8:30 საათზე აზერბაიჯანელებმა სცადეს თავდასხმა სამხრეთ ნაწილში. მიიღეს რა დიდი დანაკარგი 20 დაღუპულის, დაჭრილების და 3 ერთეული სამხედრო ტექნიკის სახით, აზერბაიჯანული ბატალიონის ჯარისკაცები ჯებრაილის ზონიდან გაიქცნენ", - წერს სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი.
მისივე თქმით, რამდენიმე წუთის წინ სომხებმა 2 აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა.
კონფლიქტი მთიან ყარაბაღში - რა უნდა ვიცოდეთ დღის ბოლოს