კორონავირუსით მანიპულირება წინასაარჩევნოდ - ასე აფასებს ოპოზიცია ხელისუფლების ახალ გზავნილს. "ქართული ოცნება" ოპოზიციას კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობასა და დადგენილი ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ვირუსის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის დაუშვებელია.
სცენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, როდესაც მოუთმენლად ელიან მოქალაქეები პოლიტიკურ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილისთვის. იმიტომ, რომ თუ ჩვენ შევადარებთ ამ დადგმულ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლების ადმინისტრაციულ რესურსთან, ვფიქრობ, ძალიან ნათელი ხდება, სად არის ქართველი ხალხი, ვის მხარეს არის ქართველი ხალხი და, შესაბამისად, ვის მხარეს არის მოახლოებული გამარჯვება, - ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი.
სამადაშვილის თქმით, პირბადეებით იქნება ხელხი ოპოზიციის შეხვედრებზე, თუ პირბადეების გარეშე, ეს არ ცვლის მათ განწობას ხელისუფლების მიმართ.
რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ექნებათ ექიმებს იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მაგრამ იმის იმედი, რომ ქვეყანაში შეჩერდება პოლიტიკური აქტივობა, ხალხი აღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს და არჩევნებზე ვირუსის დახმარებით გაიმარჯვებს მეორე ვირუსი ამ ქვეყანაში - ქართული ოცნება, არ უნდა გვქონდეს, - ამბობს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე.
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის თქმით, მისი პარტია არანაირ წესებს არ არღვევს და ხელისუფლებას სინამდვილეში ის აწუხებს, რომ ბევრი სირთულის და პანდემიის მიუხედავად ოპოზიციის შეხვედრებზე ხალხი მაინც მიდის.
ქართულ ოცნებას ეშინია წაგების, დამარცხების. მას ეშინია ჩვენი კონტაქტის ხალხთან. ჩვენ ხალხთან დავდივართ, მათ აქვთ ბიუროკრატიული ღონისძიებები, კომუნისტურ სტილში აგებული, სადაც თავიანთ თავს ელაპარაკებიან და გვიმტკიცებენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. თვითონ ხომ ხალხში ვერ გადიან, ეხლა უდნათ, რომ ჩვენც არ გვქონდეს ხალხთან კონტაქტი, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ზოგჯერ წესებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც არღვევენ, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ოპოზიცია აკეთებს.