ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ემი ბარეტის პირველი მოსმენა სენატში დღეს, 11 ოქტომბერს გაიმართა. სენატის პირველ მოსმენაზე ბარეტმა თავი წარადგინა და მისი გამოცდილებისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა. მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ბარეტმა საკუთარი ფილოსოფიურ-სამართლებრივი ხედვაც წარმოაჩინა და თქვა, რომ მოსამართლემ კანონი უნდა მიიღოს ისე, როგორც წერია და არა, ისე როგორც ეს მას უნდა. ასევე, ბარეტმა თქვა, რომ ყველა პრობლემას მოსამართლეები არ უნდა აგვარებდნენ და პროცესში პოლიტიკოსები უნდა ჩაერთონ. ბარეტმა ყოფილი მოსამართლე რუთ გინსბურგიც გაიხსენა და თქვა, რომ მისი დიდი საქმეების მადლიერია.
ამბობენ, რომ მე რუთ გინსბურგის ნაცვლად მნიშნავენ, თუმცა მას ვერავინ ჩაანაცვლებს - თქვა ემი ბარეტმა.
სენატის რესპუბლიკელმა მხარემ მოსმენაზე ბარეტის მოსამართლედ დანიშვნის ლეგიტიმურობა დაიცვა, მათი თქმით, ბარეტი ის კანდიდატია, რომლითაც მთელი ამერიკა უნდა ამაყობდეს.
რესპუბლიკელებთან დაპირისპირებული დემოკრატები კი მოითხოვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნოს. დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ბარეტის დანიშნვა, ტრამპის მხრიდან, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად შეაფასა.
მოსამართლე რუთ გინსბურგის ემი ბარეტით ჩანაცვლება საფრთხეში აგდებს გინსბურგის სამართალს და უფლებებს, რომლისთვისაც ის იბრძოდა, -თქვა კამალა ჰარისმა, დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის წარდგენის შემდეგ, კონსერვატორ ემი ბარეტს, რომელიც ლიბერალი გინსბურგისგან განსხვავებით, არც აბორტს და არც ერთსქესიანთა ქორწინებას უჭერს მხარს, სენატმა ოთხი დღის განმავლობაში უნდა მოუსმინოს. მას შემდეგ, რაც ემი ბარეტის მოსმენას სენატი დაასრულებს, აშშ-ის კონგრესის ზედა პალატა ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს, დაინიშნება თუ არა ბარეტი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.
შეგახსენებთ, ემი ბარეტი, 26 სექტემბერს, უზენაესი სასამართლოს ახალ მოსამართლედ დონალდ ტრამპმა, 18 სექტემბერს გარდაცვლილი ლეგენდარული მოსამართლის რუთ გინსბურგის ნაცვლად, ოფიციალურად წარადგინა.