გუშინ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გარეჯის საქმე კიდევ ერთხელ მოიხსენია საზოგადოებრივ ღალატად და თქვა, რომ ის სასულიერო პირები, რომლებიც კარტოგრაფებს უჭერენ მხარს, პირდაპირ არიან დაკავშირებულები "ნაციონალურ მოძრაობასთან".
ოპოზიციისთვის ღარიბაშვილის ეს განცხადება დასტურია, რომ "ოცნება" გარეჯის საქმის წამოწყებით ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობს; პარალელურად კი მმართველი გუნდი მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობას იფუჭებს.
"ღარიბაშვილისნაირი ადამიანები ყიდიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რათა ბიძინა ივანიშვილი დარჩეს ხელისუფლებაში. მაგრამ მათ არაფერი გამოუვათ, ივანიშვილის მონებს აღარავინ აქცევს ყურადღებას", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე.
ამასთა, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ოცნებას" სურს, წინასაარჩევნოდ ხალხის ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს და ინტერესის მიღმა დატოვოს ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემები.
"ოცნების" მიზანია არჩევნებამდე დარჩენილ ასე მცირე დროში ჩევნ ვილაპარაკოთ არა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, არამედ გარეჯზე. ღარიბაშვილი არის რიგითი მარიონეტი, რომელიც ივანიშვილის სურვილებს ახმოვანებს", - ამბობს გირჩის ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წევრები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს დაპატიმრებული კარტოგრაფების უდანაშაულობასა და საქმის აბსურდულობას.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.
2020 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა