"ლელო საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს IPSOS-ის კვლევის შედეგმა ქვეყანაში არსებული "ნევროზული" ვითარება ასახა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.
“ვფიქრობთ, რომ ეს კვლევა, რაც გამოქვეყნდა კიდევ ერთხელ ასახავს იმ ნევროზულ ვითარებას, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი, მათ შორის COVID-19-ით და აქედან გამომდინარე კიდევ არის სხვა ფაქტორები, კერძოდ ადამიანები არ არინ გულწრფელი თავიანთ პასუხებში. ეს კვლევები ძალიან საინტერესოა, მნიშვნელოვანია, რომ ტენდენციები გვაჩვენოს. ჩემ საარჩევნო ოლქში, მაგალითად საბურთალოზე, ცალსახად გეტყვით, რომ მოსახლეობას საერთო გადაწყვეტილება მიღებული აქვს - ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე გადაცემაში ასევე ამბობს იმასაც, რომ "ლელოს" მხარდამჭერთა რიცხვი არჩევნების მოახლოებასთნ ერთად ძალიან სწრაფად იზრდება.
დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში კი, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ლელოს მხარდაჭერას გამოკითხულთა 2.7% უცახდებს. არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ცვლილება კი, გამოკითხულთა 57%-ს სურს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.