ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, თამარ ჟვანია სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ომბუდსმენმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების დღეს როგორ კომისიის წევრები, ისე დამკვირვებლები და ამომრჩევლები უსაფრთხოების ზომებს დაიცავენ.
"მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზეც გაიწერება პროცედურები, რაც მისცემს საშუალებას ყველა პირს, მიუხედავად იმისა არის თუ არა კოვიდინფიცირებული, იმყოფება სტაციონარულ დაწესებულებაში თუ თვითიზოლაციაში, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. პანდემიის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება ხმა მისცეს არჩევნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო საფრთხე რომ შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მე მრჩება განცდა, რომ ცესკო აკეთებს ყველაფერს, რომ არცერთი მოქალაქის ხმა არ დაიკარგოს არჩევნებზე", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
თამარ ჟვანიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, უკვე შემუშავებულია დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით მიიღონ.
შეგხსენებთ, რომ ცესკო-მ დღეს, 19 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს გადასატან ყუთს მიუტანენ. ცესკო მომსახურების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს.