კვირას ბელორუსის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე 280 ადამიანი დააკავა. დაკავებულების უმრავლესობა, 215 ადამიანი დედაქალაქში, მინსკში აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცლეა.
შაბათ-კვირას მინსკში საპროტესტო აქციები ისევ განახლდა. მოსახლეობის მოთხოვნა უცვლელია - ისინი პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას პოლიციამ აქციებზე მომიტინგეების დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიიღო. მიუხედავად ამ მუქარისა, ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიანი აქცია მაინც გაიმართა.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომელშიც თავი გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ამ დღის შემდეგ მოქალაქეები შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით მასობრივ გამოსვლებს აწყობენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.