კარტოგრაფების საქმეზე დღეს გამოძიებამ ყოფილი მინისტი, მინდია ჯანელიძე გამოკითხა

გამოქვეყნდა:

"კარტოგრაფების საქმეზე" გამოძიების კითხვებს დღეს, 19 ოქტომბერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნი, მინდია ჯანელიძე 5 საათზე მეტ ხანს პასუხობდა. გამოკითხვის შემდეგ მან მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გააკეთა, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მთელი ინფორმაცია რაც ჰქონდა გამოძიებას სრულად მიაწოდა. თუ რა ინფორმაციას გულისხმობდა - მედიასთან არ დააკონკრეტა.

"მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც მე გამაჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა ინფორმაციაა ამაზე არ ვაკეთებ კომენტარს", - თქვა მინდია ჯანელიძემ.

პროკურატურაში იმყოფებოდნენ ნატალია ილიჩოვას ადვოკატებიც, რომლებიც რუკების ჩამომტანი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის, ჩვენებებს გაეცნენ. ასევე, ადვოკატებმა გაასაჯაროვეს რუკა, რომელზეც ბრალდებულები მუშაობდენ და რომლის მიხედვითაც დავითგარეჯის სადავო ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. ადვოკატების თქმით, ეს დოკუმენტი პროკურატურის ბრალდებას თავდაყირა აყენებს.

ცნობისთვის, IPSOS-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 34%-ს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობის არ სჯერა. 38% გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის ჩართულობას აზერბაიჯანისთვის დავითგარეჯის ტერიტორიების უკანონოდ გადაცემაში. 

ასევე, გამოკითხულთა 32% ფიქრობს, რომ "კარტოგრაფების საქმე" ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინასაარჩევნო დევნას ემსახურება. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი