კორონავირუსის მეორე ტალღის გააქტიურებასთან ერთად, ევროპის ქვეყნებმა ახალი რეგულაციები მიიღეს. მათი უმეტესობა ვირუსთან გამკლავებას ხალხმრავლობის შეზღუდვით და პირბადეების ტარებით ცდილობს.
საფრანგეთი: კომენდანტის საათი
17 ოქტომბრიდან პარიზსა და საფრანგეთის 8 სხვა ქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდა, რომელიც, სულ მცირე, 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 22 მილიონამდე ადამიანს სახლში დარჩენა საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოუწევს.
პარიზთან ერთად, 4 ქალაქი, "მაქსიმალური სიფრთხილის" ზონად გამოცხადდა - დაიხურა ბარები და რესტორნები, შეკრებებზე ადამიანების რაოდენობა 10-მდე შეიზღუდა, პარიზსა და მის მიმდებარე რაიონებში სავალდებულო გახდა სახის დამცავი ნიღბების ტარება ქუჩებშიც 11 წლის ასაკიდან.
სკოლები ფუნცქიონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. დაშვებულია რეგიონებს შორის ტრანსპორტით გადაადგილებაც.
ესპანეთი: საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვა
ესპანეთში, კატალონიის რეგიონში ბარები და რესტორნები 15 ოქტომბრიდან დაიხურა. მადრიდსა და მის მიმდებარე რაიონებში კი - საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჩაიკეტა ქალაქი, 50%-ით შეიზღუდა სასტუმროებსა და რესტორნებში შემსვლელთა რაოდენობა, სოციალურ შეხვედრებზე ადამიანების რაოდენობა 6-მდე შეიზღუდა, მესამედამდე შემცირდა ღვთიმსახურებაზე დამსწრეთა რაოდენობაც. ამ რეგულაციების დაცვას მადრიდში 7 000-მდე პოლიციელი აკონტროლებს.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები 22 ოქტომბრიდან ნავარის რეგიონშიც დაიხურება. შეიზღუდება რეგიონში მოსახლეობის გადაადგილებაც.
ესპანეთში, ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, პირბადის ტარება სავალდებულოა ყველასთვის 6 წლის ასაკიდან. გასულ კვირას, რამდენიმე ქალაქში პირბადის ქუჩებში ტარების რეგულაციაც დაწესდა.
გერმანია: "დარჩით სახლში"
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. 20 ოქტომბრიდან, ბავარიისა და ავსტრიის საზღვართან მდებარე ბერხტესგადენერის რაიონი 2 კვირით ჩაიკეტა. დაიხურა სკოლები, ბაგა-ბაღები და რესტორნები.
ბერლინში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე სწრაფი ზრდა ფიქსირდება, კერძო წვეულებებსა და შეკრებებზე დამსწრეთა რაოდენობა 10 ადამიანით განისაზღვრა. სპორტულ ღონისძიებებზე, ფესტივალებსა და კონცერტებზე დასწრება კი წლის ბოლომდე გადაიდო. რესტორნები და ბარები 23:00 საათზე წყვეტენ ფუნქციონირებას.
30 სექტემბრიდან გერმანიის აეროპორტებში ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც "მაღალი რისკის" ქვეყნებიდან ჩამოსულები ჯერ ტესტირებას, შემდეგ კი - 14 დღიან თვითიზოლაციას გაივლიან.
დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქეები 50 ევროთი ჯარიმდებიან.
იტალია: პირბადის ტარება ყველგან სავალდებულოა
საზოგადოებრივი სივრცეები იტალიაში 21:00 საათზე იხურება. ბარები და რესტორნები ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 ადამიანს სვამენ და ფუნქციონირებას ღამის 12 საათზე წყვეტენ. პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ სივრცეებში, ისე - ქუჩებშიც.
დაბალკლასელები სკოლებში სიარულს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ, უფროსკლასელები კი, დროებით დისტანციური სწავლებაზე გადავიდნენ.
სპორტდარბაზები და საცურაო აუზები ფუნქციონირებას რეგულაციების დაცვით აგრძელებენ.
ნიდერლანდები: 20:00 საათიდან ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალა
14 ოქტომბრიდან ნიდერლანდებში ბარები და რესტორნები დაიხურა. მოსახლეობას კი, 20:00 საათის შემდეგ ალკოჰოლური სასმელების დალევის უფლება შეეზღუდა.
შეკრებებზე ადამიანების დასაშვები რაოდენობა 4-მდე შემცირდა. მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისა და დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს.
დიდი ბრიტანეთი: გაზრდილი ჯარიმები
დიდი ბრიტანეთის ქალაქებში განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს. თუმცა, "6 ადამიანის შეკრების" და პირბადის ტარების წესის დაცვა ყველგან სავალდებულოა. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 200 ფუნტი სტერლინგით განისაზღვრება, განმეორებითი დარღვევისთვის კი 6 400 ფუნტსაც აღწევს.
ლონდონში ბარები და რესტორნები 22:00 საათზე იკეტება. დამსწრეთა რაოდენობა დაკრძალვაზე 30-მდე, ქორწილში კი, 15-მდე იზღუდება.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) თანახმად, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 201 151 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 5 მილიონს გადააჭარბა.
ცნობისთვის, 20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 328 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება მსოფლიოს, ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულია 27 მილიონზე მეტი, ხოლო გარდაცვლილია მილიონზე მეტი.