საქართველოს მესამე პრეზიდენტის და "ძალა ერთობაშიას" პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, კრიმინალებმა იციან, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სრულდება და სწორედ ამიტომ გააქტიურდნენ ბოლო დღეებში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე ქართველ ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრის დროს ისაუბრა.
"კრიმინალებმა იციან, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სრულდება და ცდილობენ დროზე მოიპარონ, გაძარცვონ, დახოცონ. ჩემთვის ყველაზე დიდი ინდიკატორი, რომ ივანიშვილი მთავრდება, არის კრიმინალების ასეთი გააქტიურება ბოლო დღეებში. მათთან ბრძოლა არ არის საჭირო არანაირი ძალაუფლების გათვალისწინებით, საჭირო არის იმით, რომ არ იყოს კორუფცია სამართალდამცავ ორგანოებში, არ იყოს სამართალდამცავი ორგანოები გამოყენებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის და არ იყოს გამოყენებული არავის პირად გვარდიად", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა უნდა შეიქმნას, რათა მომავალში პოლიტიკური დევნა აღარ იყოს შესაძლებელი.
"მიმაჩნია, რომ ჩვენ მთლიანად უნდა გადმოგცეთ ხელისუფლება თქვენ (ახალგაზრდებს). ერთადერთი მთავარი რეფორმა, რაც უდნა გავატაროთ - შევქმნათ დამოუკიდებელი სასამართლო, რომ მერე აღარ დაგვიწყონ დევნა მთელს მსოფლიოში. ეს მართლა ძალიან ცუდად გამოვცადე ჩემს თავზე და ნაღდად აღარ ვაპირებ დავტოვო ისეთი სასამართლო სისტემა, რომელსაც ვინმე ბოროტად გამოიყენებს მომავალში" - თქვა მიხეილ სააკაშვილმა
"ძალა ერთობაშიას" პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, ის თანამდებობისკენ არ მიისწრაფვის, თუმცა თვლის, რომ აქვს მაღალი შანსი, გახდეს საქართველოს პრემიერმინისტრი.
ქართველ ახალგაზრდებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ახალგაზრდებს ძირითადად შეკითხვები ჰქონდათ: ეკონომიკის განვითარებაზე, განათლების რეფორმებზე, გაყინულ კონფლიქტებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გაზრდილ კრიმინალზე.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობამ" და "ძალა ერთობაშიამ" პრემიერმინისტრობის საერთო კანდიდატად დაასახელა.