"ნაციონალური მოძრაობა" და "ძალა ერთობაშია" პრემიერმინისტრობის საერთო კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს ასახელებს. ინფორმაცია ენმ-ს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე გაავრცელა.
ვაშაძის, თქმით, საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებმა ხმა მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატებს მისცენ.
საქართველოს მოქალაქე დღეს ითხოვს რადიკალურ ცვლილებებს და ამ რადიკალური ცვლილებების განხორციელება შეუძლია მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციას - "ძალა ერთობაშია" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომლის პრემიერმინისტრობის კანდიდატიც იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი, - განმარტა ვაშაძემ.
გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური დევნილია და მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა დასრულდეს.
ვაშაძის განცხადებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, "ძალა ერთობაშიას განცხადება ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
"ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ჩანს, უნდა 2012-მდე ვითარების დაბრუნება და "ევროპულ საქართველოს" და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და წინსვლა. ივანიშვილი შეეცდება ამ კარტის გათამაშებას: "თუ ბიძინა არ იქნება, მიშა უნდა იყოს". ეს ასე არ არის, ეს ასე არ იქნება, - განმარტავს ბოკერია.
"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი კი მიიჩნევს, რომ პრემიერად სააკაშვილის წარდგენა "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის მობილიზებას უზრუნველყოფს.
მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ერთ კაცსაც არ დატოვებს სახლში, ვინც მისი განსაკუთრებული მომხრეა, - ამბობს ბერძენიშვილი.
"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარის, პაატა დავითაიას თქმით, სააკაშვილს, როგორც ენმ-ს ლიდერს, სრული უფლება აქვს, იყოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი.
ყველაზე დიდი რეიტინგი მას გააჩნია ოპოზიციურ ფლანგზე და პოლიტიკოსია, რომელსაც შესწევს უნარი, მოახნინოს ხელისუფლების ცვლილება, - განმარტავს იგი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.
სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.
მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.
ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:
მიმდინარე საქმეები:
სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.