წინასაარჩევნო კამპანიამ ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა, - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ანგარიშს აქვეყნებს. "საიას" დამკვირვებლებმა 1-26 ოქტომბრის პერიოდში ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედებების შემთხვევები დააფიქსირეს. ამავე პერიოდში გამოვლინდა სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებიც.
"საია"- ში განმარტავენ, რომ წინა თვეების მსგავსად, ძირითად გამოწვევად კორუფცია რჩება. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, გარკვეული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებს იგებენ და შემდეგ "ოცნების" ყულაბაში შემოწირულობის სახით აბრუნებენ.
"მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობის განხორციელების თვალსაზრისით იკვეთება პრობლემები იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა კომპანიები სწირავენ "ქართულ ოცნებას", ისინი ასევე იგებენ სახელმწიფო ტენდერებს და შემდეგ უკვე კომპანიები ან მათთან დაკავშირებული პირები სწირავენ მმართველ პარტიას", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
"საიას" კვლევის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიამ ოქტომბერშიც ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა. ცხელი წერტილი, ამჯერად, შიდა და ქვემო ქართლი იყო. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ძალადობრივი ფაქტების გამოძიება.
''თუ კონკრეტული პირები არ გებენ პასუხს ამ ქმედებებისათვის, ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ არ მოხდება პრევენცია და ხვალ, ზეგ, მომავალ არჩევნებზე, შესაძლოა, მეორე ტურების წინაც კი, ჩვენ უფრო დაძაბული გარემო მივიღოთ კონკრეტულ ოლქებში თუ უბნებთან", - "საიას" თავმჯდომარე, სულხან სალაძე.
წინასაანგარიშო პერიოდს მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები („ქართული ოცნება“ და „თავისუფალი საქართველო“).
ცნობისთვის, წინასაარჩევნო პროცესებს "საია" 9 რეგიონში აკვირდებოდა: თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.