დღეს დილით ბათუმში ცენტრალურ ქუჩებში წარწერები გამოჩნდა - "იმოქმედე". ეს წარწერა ბათუმის მერიის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არის გაკეთებული.
წარწერის ავტორები, არასამთავრობო ორგანიზაცია- ახალგაზრდული მოძრაობის წევრები არიან, რომლებიც ხელისუფლების შეცვლას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
"ეს ორგანიზაცია გულანთებული ახალგაზრდებისაა, რომლებიც არ შეეგუებიან,ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში, ახალგაზრდები ვიწყებთ პროტესტს და ყველას მოვუწოდებთ დადგნენ ჩვენს გვერდით ... ახალგაზრდები გამოვფხიზლდით" - ამბობენ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები
ახალგაზრდების პროტესტს ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
აქვე შეგახსენებთ, რომ შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიციამ თბილისის პარლამენტის წინ გუშინ, 1 ნოემბერს აქცია გამართა და თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად ცესკოს მონაცემებს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი, უკვე უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და ამ საკითხის ირგვლივ, დღეს მოლაპარაკებებიც გაიმართება.
ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".
აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.
ავტორი: თეა ვაშალომიძე