ექსპერტები ამბობენ, რომ ოპოზიციამ პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება მყარი არგუმენტებით უნდა განმარტოს. ამავდროულად, მათი აზრით, ოპოზიციამ ამომრჩევლების თითოეული ხმის დაცვასა და ერთობის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს.
"ერთობა თუ დაინახა როგორც ბიძინამ, ისე - დასავლეთმა, აქ უკეთესი შანსებია იმისა, რომ თავისი გაიტანოს", - ფიქრობს სტრატეგიული ანალიზის ცენრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე.
ნოდარ ხარშილაძის თქმით, ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნებზე დარღვევების ამსახველი მტკიცებულებები უნდა შეკრიბოს, დასავლელ პარტნიორებს ანახოს და მისი მხარდაჭერის მოპოვებას შეეცადოს.
თავის მხრივ, პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ფიქრობს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაცია ამ დროისათვის საკმაოდ შესუსტებულია. ოპოზიციამ კი, არჩევნების გაყალბების არგუმენტები უნდა შეაგროვოს და საერთაშორისო თანამეგობრობას პროტესტის მიზეზი აუხსნას.
"თუ მათ საკმარისი არგუმენტები დააგროვეს, ოქმების და სხვადასხვა ფაქტობრივი მასალის სახით, რაც გამოდგება საერთაშორისო თანამეგობრობისათვის პროტესტის ასახსნელად, ამ შემთხვევაში, შეიძლება ამ გზას მიმართონ", - ამბობს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტში შესვლაზე უარი უკვე თქვეს "ნაციონალურმა მოძრაობამ"
"ევროპულმა საქართველომ", "ლელომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" .
პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსიც".
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამაკვირვებლო მისია პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებს, საერთო ჯამში, სტაბილურად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეუთო ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციები ბოლომდე დაცული არ იყო.