"ლეიბორისტული პარტიის დაკავებული წევრები უკვე გაათავისუფლეს. ისინი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გამოუშვა. გათავისუფლებული ახალგაზრდები უკანონო დაკავებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ახლა უკვე ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია შეუერთდებიან.
ახალგაზრდები საბურთალოს საუბნო კომისიასთან მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს, მათ შორის იყო პარტიის საარჩევნო სიის მესამე ნომერი მიხეილ ქუმსიშვილი.
დაპირისპირების მიზეზი კი საუბნო კომისიის სხდომა გახდა, რომელზე შესვლასაც ითხოვდნენ ლეიბორისტები. მათ კომისიაში საჩივრები მიიტანეს, რომელიც არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ასახავდა. ლეიბორისტები შემაჯამებელი ოქმის გაბათილებას ითხოვდნენ. ასევე ითხოვდნენ დასწრებოდნენ კომისიის სხდომას.
ცესკოს წარმომადგენელი კი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მაშინ მივიდნენ, როცა საჩივრების ნაწილი უკვე განხილული იყო.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი