
ხმაური იყო ბათუმში საპროტესტო აქციაზე. აქციის მონაწილეებმა კასრები მიიტანეს, სადაც ცეცხლი უნდა დაენთოთ იმ ადამიანების გასათბობად, რომლებიც აჭარის მთავრობის სახლის წინ ღამის გათევას აპირებენ, პოლიცია მათ წინააღმდეგობას უწევს. ადგილზე იმყოფება ლევან ვარშალომიძე.
აქცია ბათუმში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზეც უარი თქვა. ორგანიზატორების სიტყვის გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა "პოლიციის ჰიმნი" ჩართეს და შეკრებილ პოლიციელებს ტაშით შეეგებნენ.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საპროტესტო გამოსვლებს ყოველდღიური ხასიათი ექნება, ხოლო კვირას, თბილისის პარალელურად, მასშტაბური აქცია ბათუმშიც გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს შედეგების შემდეგ ბოიკოტი გამოაცხადეს და მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. თბილისსა და ბათუმში აქციები იმართება. აქციაა გაიმართა დღეს ცესკოს შენობასთანაც. მოქალაქეები წართმეულ საარჩევნო ხმებზე საუბრობენ.