იტალია, ესპანეთი, ბელგია... - ახალი შეზღუდვები ევროპაში და მოსახლეობის პროტესტი

გამოქვეყნდა:

ევროპაში კორონავირუსით გამოწვეულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.

შეზღუდვები გამკაცრდა იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში. ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ზოგიერთ ქვეყანაში უკმაყოფილება საპროტესტო გამოსვლებშიც გადაიზარდა.

იტალია, რომელიც გაზაფხულზე ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი იყო, უკვე ერთ კვირაზე მეტია, საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მთავრობამ ახალი რეგულაციები მიიღო, რაც 18:00 საათზე კინოთეატრების, ბარებისა და რესტორნების დახურვას გულისხმობს. 

პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფლორენციაში, რომში, ნეაპოლში, ტურინსა და ბოლონიაში.

მოსალოდნელია, რომ მთავრობა იტალიაში მალე კომენდანტის საათსაც დააწესებს, შეზღუდავს გადაადგილებას რეგიონებს შორის და შაბათ-კვირას სავაჭრო ცენტრებს დაკეტავს.

ესპანეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა და რეგიონული საზღვრები ჩაიკეტა, რასაც მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ზოგიერთ ქალაქში ადგილი ჰქონდა ძარცვისა და ვანდალიზმის ფაქტებსაც.

მადრიდში პოლიციამ აქცოოს 32 მონაწილე დააკავა, ხოლო 12 ადამიანი პოლიციასთან შეტაკებებისას დაშავდა. შაბათ-კვირას დემონსტრაციებმა მოიცვა ბარსელონა, მალაგა, ვიტორია, ვალენსია, სანტანდერი და ბურგოსიც.

ბელგიის პრემიერმინისტრმა ახალი შეზღუდვები 2 ნოემბერს დააწესა, რაც ქვეყნის ჩაკეტვას და 15 ნოემბრამდე სასწავლო პროცესის შეჩერებას გულისხმობს. 22:00 საათიდან 06:00 საათამდე დაწესდა კომენდანტის საათიც.

ბელგიის მთავრობამ ფუნქციონირების უფლება დროებით შეუზღუდა გასართობ დაწესებულებებსს და სილამაზის სალონებს, რასაც მათი მხრიდან, ბრიუსელში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

გერმანიაში შეზღუდვების დასრულების მოთხოვნით, ქუჩაში 2000-მდე ადამიანი გამოვიდა. კანცლერმა, ანგელა მერკელმა, 2 ნოემბერს საზოგადოებას კინოთეატრების, ბარებისა და რესტორნების "მსუბუქი ჩაკეტვის" შესახებ აუწყა, რასაც ბერლინში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობა მათთვის თავისუფლების წართმევას ცდილობს.

ავსტრიაში წესები 3 ნოემბრიდან, გამკაცრდა. 20:00 საათიდან დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათი გამოცხადდა, დაიხურა ბარები და რესტორნები.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების დაწესებამდე 1 დღით ადრე, ავსტრიის დედაქალაქში სინაგოგაზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. 

სლოვაკეთში კი, ჩაკეტვის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ მოსახლეობის მასშტაბური გატესტვის პროგრამა დაიწყო. გასულ კვირას, კორონავირუსზე ტესტი მოსახლეობის თითქმის ნახევარმა ჩაიტარა.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის გააქტიურებასთან ერთად, ევროპის ქვეყნებმა რეგულაციები ოქტომბერშიც გაამკაცრეს. 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი