
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტერაქტის შედეგად დაჭრილთა რაოდენობა 15-დან, 22-მდე გაიზარდა. ასევე, იდენტიფიცირებულია თავდამსხმელი - 20 წლის ისლამისტი კაცი, რომელიც ტერორისტული თავდასხმისას, პოლიციის ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა.
ის 22 თვის განმავლობაში, სირიაში ისლამისტ ჯიჰადისტთა დაჯგუფებასთან შეერთების გამო, ციხეში იჯდა, საიდანაც 2020 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თავადსხმის შედეგად, ტერორისტის გარდა, გარდაიცვალა 1 ასაკოვანი ქალი, 1 გამვლელი კაცი და 1 რესტორნის თანამშრომელი მარიაჰილფეს ქუჩაზე. ინფორმაციას ვენის პოლიცია ავრცელებს.
თავდასხმა ოფიციალურად ტერორისტულ აქტად უკვე შეაფასა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა:
"გუშინდელი თავდასხმა, იყო აშკარად ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა, სიძულვილის მოტივით, რომელიც მათ ჩვენი მთავარი ღირებულებების, დემოკრატიისა და თანასწორობის მიმართ აქვთ"- თქვა მინისტრმა.
ვენაში მომხდარ თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს, ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურციც და ამბობს, რომ ვენა მსგავს თავდასხმებს არ შეუშინდება და დაიცავს თავის დემოკრატიულ საზოგადოებას.
ავსტრიის ტერაქტს ,ტვიტერზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა და თქვა, რომ ავსტრიაც, საფრანგეთის მსგავსად, ტერორიზმის მსხვერპლია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, ტვიტი გაავრცელა, რომ მსგავსად ბოროტი თავდასხმები უდანაშაულო ხალხზე უნდა შეწყდეს. აქვე აღსანიშნავია, რომ დღეს შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
ავსტრიის პოლიტიკურმა ლიდერებმა ტერაქტის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს.

შეგახსენებთ, გუშინ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სინაგოგას თავს დაესხნენ. სროლა ქალაქში ერთდროულად რამდენიმე ადგილას დაიწყო და გვიან ღამემდე ისმოდა. ამის ამსახველი ვიდეო მასალა "მთავარს" იქ მცხოვრებმა ქართველებმაც გამოუგზავნეს.
ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ტერორისტი, მეორე თავდამსხმელს კი ამ დრომდე ეძებენ.