აპარატი, რომელიც ნიკა მელიას გადაადგილებას აკონტროლებდა, წაიღეს. ამის შესახებ თავად ოპოზიციის ლიდერი წერს და ფოტოს აქვეყნებს:
შარშან სამაჯურს რომ აპარატი მოაყოლეს და სახლში დამიყენეს, აი ის აპარატი შესვლა/გამოსვლას რომ აკონტროლებდა - წაიღეს.
ყველაფერში ასე დაიხევენ და წავლენ სახლებში...- წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, არჩევნებიდან მეორე დღეს, შედეგების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე ნიკა მელიამ შემაკავებელი სამაჯური მოიხსნა, გადააგდო და თქვა, რომ ივანიშვილის უსამართლო მმართველობის სიმბოლოს, ხელზე აღარ გაიკეთებდა.
ამის შემდეგ 2 დღეში, 3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაკავების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მალევე ეს შუამდგომლობა 100 000 ლარიანი გირაოს მოთხოვნით შეცვალა. გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ პროკურატურა მელიასთვის ყველა შეზღუდვის მოხსნას ითხოვდა და აღიარა, რომ დაწესებული შეზღუდვები არაეფექტური იყო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დაუბრუნდა პასპორტი, თუმცა ქვეყნის გარეთ გასვლა ისევ აკრძალული აქვს, გაუქმდა სამაჯურიც და დაეკისრა 70 000 ლარიანი გირაო.
იმის გამო რომ ნიკა მელიას პირველი გირაო, 30 000 ლარი უკვე გადახდილი აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილებით მან ამ თანხას კიდევ 40 000 უნდა დაამატოს.
გირაოს გადასახდელად მელიას 50 დღიანი ვადა აქვს.