სახალხო დამცველის აპარატი, საგანებო მიმართვას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას; საარჩევნო ადმინისტრაციებს; ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.
სახალხო დამცველის აპარატი საარჩევნო ადმინისტრაციებს მოუწოდებს, დროულად დააკმაყოფილოს ოპოზიციის მოთხოვნები და სადაო უბნებზე ხელმეორედ გადაითვალოს შედეგები, რათა ქვეყანაში საპროტესტო აქციები დასრულდეს.
"სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები და უზრუნველყონ სადაო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციების გარეთ მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციებს და შესაბამისად მოსახლეობის მობილობას." - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი, ასევე, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას მოუწოდებს საჭიროების მქონე პაციენტებს დროული დახმარება გაეწიოთ. ხოლო ოპოზიციას ურჩევს, დაიცვან მიმდინარე აქციებისას კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები.
აქვე გეტყვით, რომ ეპიდვითარების მძიმე მდგომარეობაა რეგიონებშიც. დღეს, 6 ნოემბერს გორში, დაგვიანებული მკურნალობის გამო, კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გუშინ, 5 ნოემბერს "თერჯოლამედიში" კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ადგილების არ ქონის გამო ვერ მიიღეს.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, 26 ოქტომბერს თქვა, რომ ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში კორონავირუსის პიკი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 775ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3560 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 22 პაციენტი გარდაიცვალა.