კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი კობალაძე და საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ხუსკივაძე წინასაარჩევნოდ პირადობის მოწმობების გაყალბებას იუსტიციის სახლს უკავშირებენ.
"გაყალბებული პირადობის იდენტიფიცირება შეუძლებელია, იმ ფაბრიკაშია ზუსტად დაბეჭდილი, რომელშიც იბეჭდება, ზოგადად, ქართული პირადობები", - ამბობს აკაკი კობალაძე.
აკაკი კობალაძე ამბობს, რომ გაყალბებები ყველაზე კარგად პატარა სოფლებში ჩანს, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს კარგად იცნობენ. მათ, შეიძლება, ყალბი პირები შეამჩნიონ სიაში, მაგრამ არც დამკვირვებელს და არც კომისიის წევრს მათი შეჩერების ბერკეტი არ აქვთ.
"რომელიღაცა დამკვირვებელმა, ვთქვათ, გაიგო, რომ ამ ადამიანმა იქ არ უნდა მისცეს ხმა, მაგრამ სიაშიც აჩვენებენ ამ ადამიანს, პირადობაც აქვს... და, აი, ამით ხდება, ხმის მიცემა", - ამბობს აკაკი კობალაძე.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების გაყალბებაში იუსტიციის სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა დღეს "ცესკოს" ყოფილმა თანამშრომლემა,ივანე ბურდულმაც.
ბურდული "ცესკოში" საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო. მან თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დღეს, 6 ნოემბერს დატოვა.