
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ადასტურებს რომ საქართველომ, ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის გადაყვანის მიზნით, რუსეთს საჰაერო დერეფანი გაუხსნა.
აბაშიძემ კომენტარი "ეხო კავკაზთან" გააკეთა. აბაშიძე ამბობს, რომ საქართველომ გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.~
ამ ეტაპზე, საკითხის გადაუდებლობიდან და მშვიდობის დამყარების შეზღუდული დროიდან გამომდინარე, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, გადაიყვანება დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, წინასწარ შეთანხმებული და შეზღუდული ვადით. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები “ ამბობს აბაშიძე.
ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დასრულებას ხელი რუსეთის შუამავლობით 10 ნოემბერს მოეწერა. შედეგად, იქ ახალი რუსული ბაზა განთავსდება და რუსი "სამშვიდობოები" ჩადგებია.
შეთანხმების მიხედვით, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვალდებულებას იღებს 20 ნოემბრამდე დაუბრუნოს აზერბაიჯანს სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი აგდამისა და გაზახის რაიონები. 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, ხოლო 1 დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონს. სამაგიეროდ სომხეთი იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც სომხეთი შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა.
სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე სამჯერ - 10 , 18 და 25 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ შესრულდა.