ჯანდაცვის სამინისტროში, ექიმები და ეპიდემიოლოგები ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, ამბობს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ სრული ლოქდაუნი ჯერ არ იგეგმება.
"ჯერჯერობით ჩვენი მთავრობა ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, როდესაც ლოქდაუნი არ უნდა იყოს. არის შეზღუდვები, რომლებიც გაიზრდება, მაგრამ ლოქდაუნამდე ჯერ ძალიან შორს არის", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
როგორც თეგიზ ცერცვაძე ამბობს, ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი სრულ ან სრულთან მიახლოებულ "ლოქდაუნს" ახორციელებს. ამასთან, მსოფლიოს 70-ზე მეტმა ქვეყანამ არჩევნები გადადო, საქართველოში კი ეს არ მომხდარა, რაც მისივე თქმით, დასაფასებელია.
შეზღუდვებზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და თქვა, რომ განიხილება შეზღუდვების გაფართოება.
ლოქდაუნზე განცხადება დღეს პრემიერმინისტრმაც გააკეთა და მაგალითად მსოფლიოს ის ქვეყნები მოიყვანა, სადაც ისევ იძულებული გახდნენ მკაცრ შეზღუდვებზე გადასულიყვნენ.