ჩემი როლის შეფასება არ არის მთავარი, მთავარი ერთიანობაა გაყალბებული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით - სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მათ მთავარი თემის - გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. 

"მეგობრებო, ახლა ჩემი როლის შეფასება და ჩემზე საუბარი არ არის მთავარი თემა, მთავარი თემა არის ერთიანობა გაყალბებული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას.  

მთავარი თემის გადაწყვეტის შემდეგ, ქართველი ხალხი ყველას თვითონ მიუჩენს თავის ადგილს: მე საერთოდ ეჭვიც არ მეპარება მის სამართლიანობაში. 

მე რაც შემეხება, არ გამაჩნია ცალკე აღებული რაიმე ამბიციები და არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის და არც თანამდებობის წართმევას", - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 

მიმართვის მიზეზი, სავარაუდოდ, რუსთაველზე დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მისული მოქალაქეების ნაწილის მხრიდან, მიმდინარე პროცესებში მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობის, მისი როლის ხაზგასმა და შესაბამისი პლაკატები გახდა, რამაც პოლიტიკურ სპექტრში, თავის მხრივ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

შეგახსენებთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ რუსთაველზე მოსახლეობა პირველად 8 ნოემბერს შეიკრიბა, აქციები გაიმართა ცესკოსთანაც. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ.

13 ნოემბერს, ხმაურით ჩატარებული სხდომის ფონზე, ცესკომ პროპორციული არჩევნების შედეგები შეაჯამა, ისე რომ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ დაელოდა.  შესაბმისად, ცესკომ მეორე ტურები 21 ნოემბერს დანიშნა. თავის მხრივ ოპოზიცია აცხადებს, რომ მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, ოპოზიცია და გაბრაზებული მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ დღეს, 14 ნოემბერსაც შეიკრიბნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, 15:00 საათზე დაწყებული საპროტესტო აქცია დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა და ჰიმნის ფონზევე დასრულდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი