"პოლიტიკური შურისძიება ოპოზიციაზე" - ასე აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე თავდასხმას.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას გლდანში ნიკა მელიას ოფისი დაწვეს, გუშინ კი ბათუმში, აქციის დროს, მაშინ, როცა "ენმ"-ის შენობაში არავინ იმყოფებოდა, შუშა ჩაამტვრიეს.
"სამწუხაროა, რომ პოლიცია იცავს კრიმინალებს მაშინ, როცა ის ხულიგნებს უნდა ებრძოდეს. ქვეყანაში დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია და "ოცნება" კრიმინალური მეთოდებით იბრძვის", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მირდატ ქამადაძე.
ოპოზიციის შეფასებით, გახშირებული თავდასხმით "ოცნება" ოპონენტების მხარდამჭერთა დაშინებას ცდილობს.
"წინასაარჩევნოდაც და ახლაც ძალადობენ იქ, სადაც ივანიშვილი ყველაზე მწარედ აგებს. ნიკა მელია არის ერთერთი ყველაზე შეუპოვარი ოპოზიციური ლიდერი და ის განასახიერებს ქართველის ხალხის შეუგუებლობას იმ უსამართლობასთან, რაც მოხდა 31 ოქტომბრის არჩევნებზე", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ძალადობას ახალისებენ.
"ისინი წახალისებული ძალადობით თავს ესხმიან მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებას - თავად აირჩიონ ხელისუფლება. ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი მმართველობას," - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია.
თავის მხრივ, "ქართული ოცნების" წევრმა, ბექა დავითულიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქმე "გამოძიებული იქნება ბოლომდე და ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, უმკაცრეს პასუხს მიიღებს".
ცნობისთვის, ნიკა მელიას ოფისს ხანძარი გამთენიისას გაუჩინეს. ჩამსხვრეულია შენობის ფანჯარა და დამწვარია ავეჯი.
შტაბის წევრები ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ნაწილია.
შეგახსენებთ - არჩევნების პირველ ტურში გლდანის ოლქში ნიკა მელიამ გაიმარჯვა. მან ხმების 43,88% დააგროვა, "ოცნების" კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა კი 42,69%.