საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის გადაწვას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. დიპლომატი სწრაფი და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
”გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია. დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან,” - აცხადებს კარლ ჰარცელი.
შეგახსენებთ, ნიკა მელია მისი შტაბის გადაწვის ორგანიზატორებად დედაქალაქის მერს და მის კონკურენტს ამავე ოლქში, ლევან კობიაშვილს ასახელებს, ხოლო შემსრულებლებად ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს- ძმებ შუკაკიძეებს.
მელიას ბრალდებებს უპასუხეს როგორც კახა კალაძემ, ისე ლევან კობიაშვილმა. განცხადება გააკეთეს შუკაკიძეების ადვოკატებმა.
საარჩევნო შტაბი გუშინ, 16 ნოემბრის გამთენიისას დაწვეს. შენობაში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შეყარეს. მომხდარიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არც ვინმე დაუკავებია და არც გამოკითხვაზე დაუბარებია.