
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ხუთშაბათს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი ამოქმედდება. სანქციების დამტკიცება კი, უკვე რამდენიმე კვირაში შესაძლებელი გახდება.
თუმცა, ევროკავშირმა ბელარუსის ოფიციალურ პირებს სამგზავრო აკრძალვები უკვე დაუწესა. ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალ თანამდებობის რამდენიმე პირის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც მიიღეს.
დიპლომატების თქმით, ახალი სანქციების სამიზნე პირები კვლავ მაღალჩინოსნები და ის ბიზნესმენები არიან, ვინც ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობას აფინანსებენ.
"ბელარუსისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე ევროკავშირის 27 დიპლომატი ერთხმად შეთანხმდა", - თქვა ევროკავშირის დიპლომატმა Reuters-თან.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მისი რეჟიმის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს.
ცნობისთვის, ოქტომბერში, ევროპარლამენტარებმა და ექსპერტებმა ბელარუსში მიმდინარე პროცესების განხილვისას გადაწყვიტეს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის ქვეყნის ოფიციალური პირები მართლმსაჯულებას გადასცენ.