თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული შეიარაღებული არ იყო და ხელყუმბარის დიზაინის სანთებელა ჰქონდა.
"როგორც ის ამბობს, აქცია-პერფორმანსის სახით პროტესტი გამოხატა აზარტული თამაშების წინააღმდეგ. არანაირი შეიარაღება მას არ ჰქონია, ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხელყუმბარის დიზაინის მსგავსი სანთებელა და პისტოლეტი, ე.წ. სტარტოვკა, სპორტული პისტოლეტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღი არაა და გამოსცემს მხოლოდ ხმას", - ამბობს ადვოკატი გიორგი ჭოჭუა.
ადვოკატის თქმით, ზურაბაშვილმა თქვა, რომ მძევლებიდან ვისაც გარეთ გასვლა უნდოდა ის მათ ჩვეულებრივად უშვებდა და წინააღმდეგობა არ ჰქონია.
კიდევ ერთი ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ეს პერფორმანსი იყო, რომლითაც ბრალდებულმა პროტესტი გამოხარა და ის მზად იყო იდეისთვის გარდაცვლილიყო.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი გუშინ შეიჭრა. სპეცოპერაცია ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფებოდა.
ლევან ზურაბიშვილმა საკუთრი მოთხოვნები Facebook-ზე პირდაპირი ეთერით გააჟღერა და პოლიტიკოსებს 3 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვა.
თავდამსხმელის დაკავების შემდეგ პოლიციამ მას ბრალი დაუმძიმა. ამ დროისთვის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.