დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფიგზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა - ეკატერინე ტიკარაძემ და მაია ცქიტიშვილმა - კორონავირუსის ბოლოდროინდელი მასშტაბური გავრცელება ოპოზიციის აქციებს დააბრალეს.
ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, "ოცნება" ცდილობს, საკუთარი უმოქმედობის გამართლება ეპიდვითარების ოპოზიციაზე გადაბრალებით შეძლოს.
"ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ ოპოზიციაზე - სულ ტყუილად, რადგან აქციები იმართებოდა ღია სივრცეებში და მეორეც, თავად არ აქვთ მენეჯმენტი დალაგებული და არ იციან, როგორ მართონ პანდემია", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი.
"ასეთი ამორალური ურთიერთბრალდებებიდან ჯობია გადავიდეთ რეალურად კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებაზე", - თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ უმძიმესი ეპიდვითარება მხოლოდ ხელისუფლების ბრალია, რადგან მათ 8 თვის განმავლობაშ არაფერი გაუკეთებიათ კრიზისიდან გამოსასვლელად.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში პოსტ-არჩევნების ეფექტი გვაქვს და ვირუსის სწრაფი გავრცელება მხოლოდ აქციების და არა წინასაარჩევნო კამპანიის ბრალია. ამავეს ფიქრობს ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილიც.