შეურიგებლობის მანიფესტი - ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია დღეს სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლებს შეხვდა. მუსიკოსები, დიპლომატები, ექსპერტები, იმ ადამიანებმა, ვინც შეურიგებლობის მანიფესტს ხელი მოაწერეს, დღეს პირადად მოისმინეს ოპოზიციის პოზიცია პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

მანიფესტზე ხელმომწერები ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მსგავსად თვლიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ივანიშვილმა ხმები მოიპარა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ოპოზიციამ დღეს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საკუთარი ხედვა გააცნო.

"მთავარი პრობლემა, რაც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დადგა არის ის, რომ ქვეყანაში არის ძალა, რომელიც არალეგიტიმურად ცდილობს, მიითვისოს ძალაუფლება და მთლიანად სახელმწიფო. ამის მოთმენა არ შეიძლება, ამის წინააღმდეგ უნდა გაილაშქროს ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად მოღვაწეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო აღარ იარსებებს", - ამბობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია. 

სამოქალაქო საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში კომუნისტური მმართველობის დაბრუნებას ქართველი ხალხი და დასავლეთი არ შეეგუება. 

"მთავარი პრობლემა, რაც ხელისუფლებას აქვს, არის ადეკვატური აღქმის პრობლემა. ის სიტუაცია, რაშიც დღეს აღმოჩნდა, ავტორიტატიზმი, მისი შინაგანი კონსტიტუციაა და ამით აბსოლუტურ კომფორტს განიცდის. მთავარი ამოცანაა, ახლა მას დავურღვიოთ კომფორტის ზონა და ის მიხდვეს, რომ სამყაროს ამ ნაწილში მას არავინ აპატიებს კომუნისტური მმართველობის დაბრუნებას, არც საქართველოს მოსახლეობა და არც დასავლეთი", - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე. 

რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებს. შესაძლოა მესამე რაუნდი ხვალ გაიმართოს.

ოპოზიცია აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ისევ უცვლელი მოთხოვნით მივა - ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩტარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ მესამე რაუნდამდე, ოპოზიციასთან კონსულტაციები აშშ-ს ელჩმა გამართა. 

ოპოზიციის პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უცვლელია. ხელისუფლების ოპონენტები ხელახალ არჩევნებს, "ცესკოს" ადმინისტრაციის ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი