ჟურნალისტის, ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილს ინიციატივას, რომ მომავალი 6 თვის მანძილზე საჯარო მოხელეების ხელფასი 1 000 ლარამდე შემცირდეს, ოპოზიციის წევრებიც უერთდებიან. ჯანგირაშვილმა ინიციატივა სოციალურ ქსელში გაავრცელა და მომხრეებს პეტიციაზე ხელის მოწერისკენ მოუწოდა.
"თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და ჩვენი გადახდილი გადასახადები დაიზოგოს? თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები", - დაწერა ნინო ჯანგირაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამ მოსაზრებას სრულად ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მოსახლეობისა და ბიზნესის დიდ ნაწილს ხელისუფლებამ საარსებო წყრო მოუსპო.
"რამდენჯერაც არ უნდა ჩაკეტონ და პანდემია გამოაცხადონ ქვეყანაში, მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს ეს მაინც არ ეხებათ, მინისტრის მოადგილეები ისევ აიღებენ 5 000 ლარს, განყოფლების უფროსები 3 000 და ამასობაში ადამიანებს ეუბნებიან, რომ 100 და 200 ლარად გამოიკვებეთ", - ამბობს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მორალურადაც, სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც გამართლებული იქნებოდა, რომ ამ სიტუაციაში ბიუროკრატიისთვის ქამარი შემოეჭირა.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.
ამავე თემაზე: