სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები, რომლებმაც პარლამენტის შენობიდან პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს, აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
პარლამენტთან გამართული აქციის დროს დაკავებული ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე ცოტა ხნის წინ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
"173-ე მუხლი წაგვიყენეს, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, რომ არ დავემორჩილეთ თითქოს მითითებას. ჩვენ არაფერი არ დაგვიწერია, უბრალოდ ვიდექით კედელთან და როცა დაიჭირეს ჩემი მეგობარი, ცხადია, გავეკიდე მისაშველებლად და ამ დროს ბატონმა გოგამ გასცა ჩემი დაკავების ბრძანება. ამჟამად, გამოგვიშვეს ხელწერილით და სასამართლო პროცესი ჩაინიშნება უახლოეს 10 დღეში", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული.
აქტივისტები პარლამენტის შენობასთან აღმართული რკინის ჯებირზე საბჭოთა სიმბოლიკის გამომხატველ წარწერებს აკეთებდნენ და ამ ფორმით აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებას აპროტესტებდნენ.
"აბსოლუტური აბსურდი. პულივიზატორებს დასდევდნენ პოლიციელები. ეს არის ძალიან უხეში დარღვევა ჩვენი კონსტიტუციური უფლებების. თანაც, ეს ადამიანები არც კი წერდნენ რამეს, მხოლოდ მე ვწერდი და ამის უფლება მქონდა, თანაც, რაღაც დროებით ღობეზე. უბრალოდ, აიღეს და მოიტაცეს, როგორც იტაცებენ ხოლმე და მევაჭრებოდნენ მერე, რომ თუ დაიშლებითო, გამოვუშვებთო", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია.
სამოქალაქო აქტივისტების დღევანდელი პროტესტის მიზეზი აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკება გახდა, სადაც კარასინმა 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების გამო დაწყებულ მასშტაბურ პროტესტს ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი "ანტირუსული პროვოკაცია" უწოდა, რასაც ქართული მხარეც დაეთანხმა.
ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტაა.
ფაქტზე განმარტება გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, სადაც ზურაბ აბაშიძე ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები არ განუხილავთ და ეს რუსეთის ინტერპრეტაციაა.