4033 ახალი ინფიცირებულით და 39 გარდაცვლილით კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში, ისევ საგანგაშო ნიშნულზეა.
დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, მთავარი განხილული საკითხი 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საკითხი იყო. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაწყებულია მოკვლევა და მისი ხელმძღვანელობით გაეცემა პასუხი ყველა კითხვას გოგონას გარდაცვალებაზე.
გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ დღეიდან 1 თებერვლის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება დაიწყება. რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო მხოლოდ დღეში, დაახლოებით, 20 ათას ტესტს გააკეთებს.
შეგახსენებთ რომ კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას ოჯახი გარდაცვალების მიზეზად დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობას ასახელებს.
აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 1 058 მძიმე პაციენტია, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 466 პირი იმყოფება.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდ 19-ის სულ 143 376- შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია ჯამში 1 342 ადამიანი.
2 დეკემბერს საქართველოში დადასტურებული 4 033 კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 1 705 თბილისიდანაა, 402 აჭარიდან ხოლო 624 იმერეთიდან.