"ქართულ ოცნებასთან", ელჩების შუამდგომლობით მოლაპარაკებების, 5 საათიანი მესამე რაუნდის შემდეგ დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და ხვალ, 8 დეკემბერს კიდევ ერთი შეხვედრა შედგება.
"იყო გარკვეული საკითხები სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა, ამიტომ გაგრძელდება პროცესი, ხვალ იქნება შემდეგი შეხვედრა და იმედი მაქვს, ხვალ კომენტარის გაკეთების საშუალება გვექნება" – ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, დღეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩების ფასილიტატორობით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა.
შეხვედრიდან გამოსული ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ არის პრინციპული პუნქტები, რომელზეც ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება.
პარლამანეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს შეხვედრა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მას შეთანხმების იმედი და მრავალპარტიული პარლამენტის იმედი კვლავაც აქვს, რადგან განმეორებით არჩევნებს ქართული ოცნება არ განიხილავს, მისივე თქმით.
აქვე - მმართველი პარტიიდან შეხვედრას არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებიან. ოპოზიციიდან კი ყველა პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარალებების მეორე რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა და მას შემდეგ შეხვედრის თარიღი დიდხანს უცნობი იყო.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ოპოზიციასთან ბოლო, მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ შეთანხმების მიღწევის რეალურ შესაძლებლობებს ხედავს.
დიპლომატებთან ბოლო შეხვედრის დროს, ერთიანმა ოპოზიციამ წერილობითი დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც ოფიციალურადაა გაწერილი რას სთავაზობს და რას ითხოვს ქართული ოცნებისაგან. დოკუმენტის დეტალები ცნობილი არ არის.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და მოპოვებული მანდატების მიუხედავად, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მათი მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებია, რასაც "ქართული ოცნება" არ თანხმდება და წითელ ხაზს უწოდებს.
აქვე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თამარ ჟვანიას მეთაურობით, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, არჩევნების შედეგები შეაჯამა და ერთპარტიული პარლამენტი დააკანონა.