სამტრედიის საკრებულს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" პოლიციას მის მიმართ სპეცოპერაციის მოწყობაში ადანაშაულებს. მამუკა ბიბილეიშვილის თქმით, იგი მეუღლესთან ერთად კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მე-13 დღეს კი მეუღლესთან ერთად მოუწია საკუთარი მანქანით სამედიცინო გამოკვლევაზე მისვლა. სწორედ ამ დროს გააჩერა პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის და 2 000 ლარით დააჯარიმა.
ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას შსს-ც ავრცელებს. უწყების ცნობით ინფიცირებულმა მამაკაცმა დაარღვია იზოლაციისა და კარანტინის წესები და საკუთარი მანქანით, ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა. ბიბილეიშვილი კი ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
"ჩემი მეუღლე გადავიყვანე სამედიცინო მომსახურებაზე და ვბრუნდებოდი იქედან. იძულებული ვიყავი, მე არც მქონდა იმის ულუზია, რომ დავრეკავდი და ვინმე მომემსახურებოდა, ჩემი გულისთვის იქ პოლიციამ ქუთაისიდან ჩამოიყვანეს ეკიპაჟი და სასწრაფო ჩემ გადასაყვანად კოვიდ სასტუმროში, ამისთვის შეძლეს და როცა ადამიანებს სჭირდებათ, მათთვის ეს შეუძლებელია", - თქვა მამუკა ბიბილეიშვილმა.
მისი თქმით, მაშინ როცა კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება შეუძლებელია, კოვიდსასტუმროში მის გადასაყვანად პოლიციის მიერ ქუთაისიდან გამოძახებული სასწრაფო, სამტრედიაში რამდენიმე წუთში ჩავიდა.