მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდამდე ზურა გირჩი ჯაფარიძემ თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ შედის პარლამენტში.
"რატომ ფიქრობთ, რომ მე უნდა ვიცოდე ვინ შედის? აზრზე არ ვარ. ზოგადად, ოპოზიციის პოზიცია ის არის, რომ თუ მოლაპარაკების მაგიდასთან რამეზე არ შევთანხმდით, პარტიები არ შედიან - ეს შემიძლია გითხრათ", - ამბობს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, როგორც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს, მას აქვს ინფორმაცია, რომ 7 ოპოზიციონერი, სამი პარტიიდან, პარლამენტში შესვლას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტში შესვლას შესაძლოა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და "გირჩის" წევრები დათანხმდნენ, ზურა ჯაფარიძის გამოკლებით.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში არ შევა, ხოლო ვინც შევა, მისი აზრით, უბრალოდ ნივთი, პუფი იქნება.
ნიკა გვარამიას საჯარო მიმართვის შემდეგ - "რაზე მსჯელობს ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებასთან და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას?" - ოპოზიციაც თანახმაა, გაცხადდეს რაზეა საუბარი დახურულ მოლაპარაკებებზე.