შიგნით რომ ამბობენ, მომწონს საარჩევნო რეფორმის ცვლილებებიო, ეყოთ გამბედაობა და გარეთაც თქვან - ლევან იოსელიანი

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას "ევროპული საქართველოს" ლიდერები ცდილობენ. 

"საარჩევნო ბარიერი არის ერთი ნაწილი იმ ბევრი ცვლილებისა, რომელიც ახლა მოლაპარაკების მაგიდაზე დევს. იცით რა არის? თუ მოვინდომებთ, რომ ჩავშალოთ, ვერ შედგება. მთელი ეს პერიოდი, პროცესის შიგნით მყოფი ერთი პარტია, "ევროპული საქართველო" და გარეთ მისი წარმომადგენლებიც სხვა არაფრით არ იყვნენ დაკავებულები გარდა იმისა, რომ ჩაშალონ ეს პროცესი. ჩაშალონ იმიტომ, რომ ისინი ვერ მოხვდნენ პარლამენტში", - ამბობს ლევან იოსელიანი.

კერძოდ, ლევან იოსელიანი მოლაპარაკების პროცესის ჩაშლაში დავით ბაქრაძეს ადანაშაულებს.

"ბაქრაძე აკეთებდა იმას, რომ რაც იქ დოკუმენტი მოგვქონდა ან მიგვქონდა ჩვენ, ყველაფერი ის ხვდებოდა მერე მედიაში, ამით იყო დაკავებული. და ამით ცდილობდა, რომ ეს პროცესი მთლიანად დაეზიანებინა. ბაქრაძე - შიგნით, გარეთ - უგულავა-ბოკერია", - ამბობს ლევან იოსელიანი.

ასევე, "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, "ევროპულ საქართველოს" "ნაციონალური მოძრაობა" ტყვეობაში ჰყავს, "მოქალაქეების" მიზანი კი ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა არ არის. 

"ჩემი მიზანი არ არის, ქუჩაში დავრჩეთ ოპოზიცია იმიტომ, რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მიიღო მანდატები და თავის დღის წესრიგს ჰყავს აყოლილი სულ ყველა. "ნაციონალური მოძრაობა" ჰყავს ტყვეობაში აყვანილი "ევროპულ საქართველოს". ჩვენ არ ვყოფილვართ ამ ტყვეობაში, ჩვენ ანგარიშს ვუწევდით ოპოზიციურ ერთობას", - ამბობს ლევან იოსელიანი. 

როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, რევოლუციური ცვლილებების არ სჯერა და ფიქრობს, ახლა ქვეყანას აქვს შანსი, რომ ქვეყანამ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას. ამასთან, მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრ "ნათელი გონების ადამიანს" შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა, იოსელიანი კონკრეტულ პირებს არ ასახელებს.

"ჩვენ გვინდა, რომ მოლაპარაკება შედგეს. გვგონია, ეხლა გვაქვს შანსი, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანამ წინ გადადგას. არ მჯერა რევოლუციური ცვლილებების, რომელიც შეიძლება მოხდეს გაზაფხულზე თუ როცა ისინი ამას აანონსებენ. და ვუყურებ კიდევ ერთ რაღაცას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არის ბევრი ნათელი გონების ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ შეთანხმება შედგეს, მაგრამ ვერ ამბობენ ამას", - ამბობს ლევან იოსელიანი.

ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, გამოიჩინონ გამბედაობა და საჯაროდ ისაუბრონ ხელისუფლებასთან შეთანხმების მზაობაზე. 

"ადამიანებმა, ვისაც უნდათ შეთანხმება, გამოვიდნენ და საჯაროდ ილაპარაკონ ამაზე. შიგნით რომ ამბობენ, მე მომწონს ეს საარჩევნო რეფორმის ცვლილებებიო, ეყოთ გამბედაობა და ამაზე გარეთაც ილაპარაკონ", - ამბობს იოსელიანი. 

ასევე, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება "ენმ"-ს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, ოპოზიციურ პარტიის მიმართ ზეწოლის გამოხატულებაა. 

თუმცა, ლევან იოსელიანს სჯერა, რომ ბოიკოტმა შედეგი უკვე გამოიღო, რადგან "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე მზაობა გამოთქვა. 

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა თავის facebook live-ში თქვა, რომ თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები ისე შეიცვლება, როგორც ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ექნება გარანტია, რომ შეთანხმება შესრულდება, მაშინ პარლამენტში შესვლას დათანხმდება. 

ცნობისთვის, პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი