ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ მთავარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს "ქართული ოცნება" ვერ შეაშინებს იმ მეთოდებით, რომელსაც დღეს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მიმართა.
ოპოზიციური პარტიები იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიზნები გაშიფრულია - მათ მოლაპარაკების ჩაშლა და ოპოზიციის დაყოფა სურთ.
"ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიები ამ წუთებში მსჯელობენ სამომავლო სტრატეგიაზე. როგორც წესი, "ლელოს" ოფისში შეხვედრის დროს ოპოზიცია სრული სპექტრითაა წარმოდგენილი, დღეს იქ არ გამოჩენილა "მოქალაქის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც დღეს ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიოდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის ბრიფინგმა საქართველოში დიქტატურის შემოღების შესახებ გვამცნო. მან განაცხადა, რომ "ჩვენ ვიხილეთ სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი".
მოგესალმებით მთლიანად, უკვე გაფორმებულ დიქტატურაში - ყურით მოთრეული არგუმენტებით ოპოზიციური პარტიის რეგისტრასციის გაუქმება უკვე გადადგმული ნაბიჯია არა ავტოკრატიისკენ, არამედ დიქტატურისკენ. იქ იყო იაფფასიანი მუქარა, რომ დაფინანსებას შეგვიწყვიტავენ და, ამასთან დაკავშირებით კობახიძეს კალაძის სიტყვები შეგვიძლია ვუთხრათ აგერ, იმ ანძასთან დაკავშირებით, აქედან რომ ჩანს...- თქვა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, დღეს საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას "რადიკალური" უწოდა და განაცხადა, რომ მათი მიზანი საბოტაჟია. კობახიძემ ოპოზიციის ცნობილ მოთხოვნებს "ულტიმატუმები" უწოდა. მმართველი პარტიის ლიდერი ენმ-ს რეგისტრაციის გაუქმებითაც დაემუქრა. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ასევე, ახსენა "მთავარი არხი" და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.