საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მისი ორი მეგობრის, აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის სასამართლო პროცესი იწყება. სხდომა ონლაინ რეჟიმში წარიმართება. ადვოკატები ორ მთავარ შუამდგომლობას დააყენებენ: გათავისუფლდნენ პატიმრობიდან დაკავებულები და პროცესები არა ონლიან, არამედ საჯაროდ გაიმართოს.
"ეს არის თავიდან ბოლომდე პროპაგანდისტული საქმე, ეს არის საქმე, რომელიც ხელისუფლებამ წამოიწყო და ქართული ოცნების პირდაპირი შეკვეთით მოხდა ხუსკივაძის და კობალაძის დაჭერა სასამართლოს მხრიდან. დღეს გვყავს მოსამართლე ჯაჭვაძე, რომელიც ასევე შემჩნეულია ხელისუფლებისადმი ქვემდებარეობაში", - თქვა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლო საჯარო უნდა იყოს, რადგან ონლაინ რეჟიმში გამართული სხდომა პროკურატურის წისქვილზე ასხამს წყალს, რომ გადაწყვეტილება "მიიჩქმალოს".
სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან ოჯახის წევრები, აქტივისტები და პოლიტიკოსები. ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაურიც იყო, რადგან "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია განათების ბოძებზე საპროტესტო პლაკატების გაკვრას ცდილობდა.
"წარმოუდენელად ამორალური, შეთითხნილი, პოლიტიკური საქმის სასამართლო პროცესია და ჩვენ არ შეგვიძლია თურმე, რომ ბოძზე გამოვახატოთ პროტესტი. აქ არიან ოჯახის წევრები, მსხვერპლები ამ სისტემის და ნაცვლად იმისა, რომ პოლიცია მსხვერპლს და კანონს იცავდეს, ადამიანს უპირისპირდებიან", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს. ისინი "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს, შემდეგ კი დააკავეს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გობეჯიშვილის საქმის მთავარი მოწმე, ზაალ ზაალიშვილი (რომელსაც ხატია დეკანოიძე სუს-ის ოდეერად მოიხსენიებს), ისნის საოლქოს დროებით წევრად დაინიშნა.
ცნობისთვის, "თავისუფლება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებს" - ამ გზავნილით აქცია დედაქალაქის რამდენიმე ნაწილში იმართება.