ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, აკაკი ხუსკივაძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას არჩევნების შედეგებში 1%-იან გადაცდომასთან დაკავშირებით, "აბსურდის თეატრს" უწოდებს.
მისი თქმით, 1 თვის განმავლობაში საარჩევნო ბიულეტენებით სავსე ფუთები ხელისუფლების ხელში იყო, რაც მათ მანიპულაციის საშუალებას აძლევდა.
რაც გუშინ მოვისმინე 1%-ის გადაცდომაზე, აბსურდის თეატრად მეჩვენება. ეს აბსურდია, ვინაიდან 1 თვის განმავლობაში ბიულეტენების ფუთები ინახებოდა საოლქო საარჩევნო კომისიებში და დღესაც იქ დევს... შეიძლება ამომრჩეველს თვალში ნაცარი შეაყარონ, მაგრამ მე და აკაკის ეს არგუმენტად ვერ გვექნება", - ამბობს აკაკი ხუსკივაძე.
ხუსკივაძის თქმით, ამ ფუთებში უკვე დათვლილია ის ხმები, რომლებიც საარჩევნო კარუსელისა და ამომრჩევლის მოსყიდვის გზით "ოცნებამ" მიიღო.
"რას ვუშვებით მოსყიდულ ხმებს, რომლებიც იმ ფუთებში უკვე აღმოჩნდა? დატრიალებულ კარუსელებს რას უშვებიან? გაბათილებულ ბიულეტენებს რა უშვებიან, რომლებიც უბანზე გააბათილეს და საუბრობენ კიდევ "ეუთოს" დასკვნებზე. რატომ არჩევნების დაწყების წინ არ გაითვალისწინეს "ეუთოს" დასკვნები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ქვედა დონის საუბნო საარჩევნო კომისიებში არ აირჩიეს ის ადამიანები და არ შეიმუშავეს დამატებითი კრიტერიუმები და აირჩიეს "ქართული ოცნების" აქტივი", - ამბობს აკაკი ხუსკივაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ 10 000-10 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.
ცნობისთვის, ხუსკივაძემ და კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს, რის შემდეგაც ისინი შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს და დააკავეს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი, რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით, მას დაემუქრნენ.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.