გერმანია და საფრანგეთი საქართველოს მოუწოდებენ , დემოკრატიული რეფორმების გზაზე სვლა განაგრძოს. ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოები საარჩევნო სისტემაში აუცილებელი ცვლილებების შესახებ პოლიტიკური პარტიების კონსენსუსს მიესალმებიან.
"ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელსაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია წლის დასაწყისში, საარჩევნო სისტემაში აუცილებელი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა, ესარგებლათ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმით, რომელსაც ეს რეფორმა სთავაზობდათ. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არჩევნების პირველი ტურის დროს დამაიმედებელია, ხოლო პანდემიის ფონზე - შესანიშნავი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან, განცხადების მიხედვით, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმები კვლავ დღის წესრიგში უნდა დარჩეს, ასეთი დებატებისთვის კი პარლამენტი შესაფერისი ადგილია.
"საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებას და საბოლოო ჯამში - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას. გვსურს, ხაზი გავუსვათ ჩვენს მხარდაჭერას საერთაშორისო მედიატორების მიმართ ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან. მათ მიერ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის დახმარების მიზანი იყო, კონკრეტული რეფორმის განხორციელება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმკიცების მიზნით", - წერია განცხადებაში.
საფრანგეთი და გერმანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარდაჭერას გამოხატავენ და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
"აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ახლახან გამართული მოლაპარაკებების კონტექსტში, კვლავ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარის მიერ, რუსეთის ჩათვლით, ევროკავშირის მედიატორობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში კონკრეტული შედეგების მიღწევის აუცილებლობისკენ", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც ერთერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო. ამასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო სამინისტრომაც. კრემლი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე მუშაობის განახლება.