პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ბრიფინგზე ამბობს, რომ ISFED-ის ხარვეზისა და პარალელურ დათვლაში უხეში ცდომილების მიუხედავად, "ოცნება" მაქსიმალურად შეეცადა ორგანიზაციისთვის რეპუტაციული ზიანის არიდებას.
"ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას. სამწუხაროდ, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ჩვენს თავაზიან მიდგომას დაუპირისპირა არასათანადო პასუხი, რაც სამწუხაროა. განცხადებაში მან შეიტანა 2 ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი", - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ - 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.
12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ".
კობახიძე და "ოცნების" მთავარი იდეოლოგი, სავარაუდოდ, "სამართლიან არჩევნებზე" საუბრობენ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სკანდალში გაეხვა. მიმოწერა ირაკლი კობახიძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის - ფაქტი "მთავარი არხის" კამერამ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დააფიქსირა.