კობახიძე: PVT-ის პირველადი მონაცემებით "ოცნებას" 4-ით ნაკლები მანდატი ერგებოდა

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ "ოცნება" შეეცადა ISFED-ის უხეშ შეცდომაზე რბილი პასუხი ჰქონოდა, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამის მიუხედავად მცდარი განცხადება გაავრცელა.

"ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა განცახებაში შეიტანა 2 ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი. პირველი - თითქოს, შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე მაშინ, როდესაც PVT-ის პირველადი მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა.

მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს - კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული შემდეგი მცდარი შეფასება: "გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა", - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ - 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.

12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". 

კობახიძე და "ოცნების" მთავარი იდეოლოგი, სავარაუდოდ, "სამართლიან არჩევნებზე" საუბრობენ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სკანდალში გაეხვა. მიმოწერა ირაკლი კობახიძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის - ფაქტი "მთავარი არხის" კამერამ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დააფიქსირა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი