"ოცნება", ივანიშვილის დაუსწრებლად, მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციებს მართავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში მორიგი შეხვედრა გაიმართა. მმართველი პარტიის დეპუტატების თქმით,ისინი საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული თემების განსახილველად შეიკრიბნენ.

"ოცნებაში" ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცვლილებას არ ელოდებიან, შეიცვლება იუსტიციის მინისტრი, ხოლო სხვა ცვლილებებს გიორგი გახარიასგან შეიტყობენ.

"არსებითად რჩება იგივე შემადგენლობა მთავრობის, რომელიც მუშაობდა აქამდე, რაც შეეხება ცალკეულ ცვლილებებს, იუსტიციის ნაწილში არის ჯერჯერობით გამოკვეთილი, რომ ცვლილება იქნება, სხვა რაიმე ინფორმაცია არ არსებობს რაიმე ცვლილებასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ჩვენ დაველოდებით პრემიერ მინისტრის პოზიციას, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, ჩვენ არ ველოდებით" , – ამბობს ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი და გადაყენებული პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მამუკა მდინარაძის თქმით, ერთპარტიულ პარლამენტში პრინციპულ საკითხებზე საერთო პოზიციაზე თანხმდებიან. 

"საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან წესთან დაკავშირებით შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტული, მაგრამ პრინციპულ საკითხებზე ვთანხმდებით საერთო პოზიციაზე. პარტიის ხელმძღვანელი არ ესწრებოდა ამ სხდომას." – ამბობს ერთპარტიული პარლამენტის ერთადერთი ფრაქციის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე, რომლის წარდგენაც პრემიერმინისტრის პრეროგატივაა.

გიორგი გახარია, რომელიც უკვე პრემიერების კანდიდატად წარადგინა "ქართულმა ოცნებამ'', უახლოეს დღეებში ერთპარტიულ პარლამენტს წარუდგენს მთავრობის პროგრამას და ახალ შემადგნელობას. 

ცნობისთვის, დეპუტატებმა დეკემბრის ბოლომდე 2021 წლის ბიუჯეტიც უნდა დაამტკიცონ.

ერთპარტიული პარლამენტი კომიტეტების თავმჯდომარეების დამტკიცების შემდეგ დღეს მოადგილეებსაც ირჩევდა. კომიტეტების თავმჯდოამრეების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

შეგახსენებთ, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი