აქიმიძე და დვალი ბიძინა ივანიშვილისთვის არასაიმედო ადამიანებად ითვლებოდნენ, ამიტომ შეარჩია ხალვაში - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის აღიარებას რუსთავი2-ის საქმეზე, სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ.

აქიმიძე-დვალის ადვოკატი, კახა კოჟორიძე განმარტავს, რმ წულუკიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც აქამდე ყველამ იცოდა, რომ რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაში სწორედ "ქართულ ოცნებას" მიუძღვის წვლილი და ამას ის სასამართლო პროცესებიც ადასტურებს, რომელიც ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მთლიანად საქართველომ ისედაც კარგად იცოდა, რომ რუსთავი 2-ის საქმე, რომელიც ხალვაშმა შეიტანა სარჩელის სახით, რა თქმა უნდა ქართული ოცნება პირდაპირ იყო ჩართული, რომ უსწრაფესად განეხილა სასამართლოს და მიეღო ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება. იურისტ ვარ და ვიცი, დამოუკიდებელი საქართველს ისტორიაში, ასე სწრაფად განხილული საქმე არ არსებობს... აქიმიძე და დვალი ბიძინა ივანიშვილისთვის არასაიმედო ადამიანებად ითვლებოდნენ იმიტომ, რომ მათ ხელში რუსთავი 2 იქნებოდა ისეთი, როგორიც ის იყო 2004 წელს - ამბობს კახა კოჟორიძე.

ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისთვის წულუკიანს ახალი არაფერი უთქვამს. მათი თქმით, ივანიშვილმა რუსთავი 2-ის მფლობელებიდან აარჩია მისთვის ყველაზე მისაღები, მორჩილი კანდიდატურა და ტელევიზია პირდაპირ მას გადასცა.

ქიბარ ხალვაში რამოდენიმე დამფუძნებლიდან შეარჩიეს, იმის მიხედვით, ვინ იქნებოდა ყველაზე მართვადი და ვინ დაემორჩილებოდა ქართულ ოცნებას და იმას გადასცეს პირდაპირ რუსთავი 2 - ამბობს ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი. 

ის, რომ ახლა რუსთავი 2 არ არის იმედისნაირი, ეს არ ცვლის სურათს. ის იყო ძალიან კრიტიკული ტელევიზია ხელისუფლების მიმართ და ახლა არის ზომიერად პროსამთავრობო - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.

ვეთანხმები აქიმიძეს და დვალს იმ ნაწილში, რომ მათი ინტერესები არასოდეს არ ყოფილა  გათვალისწინებული - ამბობს "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

მისივე თქმით, რუსთავი 2-ის დავა არასდროს ყოფილა დავა 2 კერძო სუბიექტს შორის როგორც ამას "ქართული ოცნება" ამტკიცებდა და ამ საქმეში რეალურად "ქართული ოცნების" ხელისუფლება იყო ჩართული.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა საპასუხო წერილი მას შემდეგ გაავრცელეს, რაც თეა წულუკიანმა სწორედ ამ ტელევიზიის ეთერში აღიარა, რომ კომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის გადასაცემად ხელისუფლებამ "ტიტანური შრომა" გასწია.

აქიმიძე და დვალი წერენ, რომ ტელეკომპანია არა დამფუძნებლებს, არამედ ქიბარ ხალვაშს გადაეცა, რომელთანაც თავდაპირველ დამფუძნებლებს სამართლებრივი დავა აქვთ და საქალაქო სასამართლოში ამ დავაზე არც ერთი სხდომა ამ დრომდე არ ჩატარებულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი