COVID-19-ით ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გარდაიცვალა. საავადმყოფოში, სადაც სასულიერო პირი მკურნალობდა ამბობენ, რომ მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
"დაავადების სიმპტომების გამოჩენიდან ორი დღის შემდეგ მან გაიკეთა კვლევა და კოვიდტესტირების შედეგი აღმოჩნდა, ის მოთავსდა ახალციხის კლინიკაში, სადაც სიმძიმის გამო გადაწყდა მისი თბილისში გადმოყვანა, თანხმლები დაავადებებიდან საყურადღებო იყო დიაბეტი, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებდა, გუშინ დღის მეორე ნახევარში მკვეთრად გაუარესდა, რის შემდეგაც დაფიქსირდა სიკვდილი", – ამბობს კლინიკის მენეჯერი ზაზა ლურსმანაშვილი.
დაგვიანებული მკურნალობის გამო კორონავირუსით კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. რუსთავში კორონავირუსსს 29 წლის კაცი ემსხვერპლა. გიორგი კაკოშვილი საავადმყოფოში დაგვიანებით შეიყვანეს. პაციენტის ახლობლები ექიმების დანიშნული მკურნალობით უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ არ გამოიკვლიეს.
რაც შეეხება ფოთში მცხოვრებ გიორგი მოსიაშვილს, ოჯახი ამ შემთხვევაშიც დაგვიანებულ მკურნალობაზე საუბრობს. მათი თქმით, მოსიაშვილმა, რომელსაც სიცხე ჰქონდა, სამი დღე ზედიზედ ტესტის ასაღებად სიარულის მიუხედავად, ტესტის გაკეთება ვერ მოახერხა. ოჯახი უკმაყოფილებას გამოთქვამს ექიმების მიმართაც.
არც ფოთში და არც რუსთავში გარდაცვლილ ახალგაზრდა პაციენტებს, თანმხლები დაავადებები არ ჰქონიათ.
ახალგაზრდების გარდაცვალებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც გამოეხმაურა.
"ახალგაზრდებში გარდაცვალების სტატისტიკის მაჩვენებელი 0.5-0.7%–ია. ყოველი შემთხვევა ლეტალობის არის ძალიან მტკივნეული, როდესაც ეს ახალგაზრდებში ხდება, ამ ორი შემთხვევიდან ერთ შემთხვევაზე მე მაქვს უკვე ინფორმაცია, 29 წლის მოქალაქე 5 დეკემბერს შეიყვანეს სტაციონარში, თუმცა ექიმები აფასებენ, რომ როდესაც ის შევიდა სტაციონარში, მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. ექიმები ეცადნენ 8 დღის განმავლობაში ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ, საწმუხაროდ, სასიკეთო შედეგით ვერ დასრულდა. 35 წლის მოქალაქეზე ინფორმაციას, ჯერ კიდევ ველოდებით და შემდეგ გავაცნობთ მედიას," – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე იკვლევს, 19 წლის თეკლა თოდრიას, გარდაცვალების მიზეზს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დამატებით 2 244 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 49 პაციენტი გარდაიცვალა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა.