Moderna-ს COVID-19-ის ვაქცინა მეორეა, რომელიც აშშ-ში გამოსაყენებლად დაამტკიცეს

გამოქვეყნდა:

Moderna–ს COVID-19-ის ვაქცინა პარასკევს მეორე ვაქცინა გახდა, რომელიც ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გამოსაყენებლად დაამტკიცა. აშშ შეთანხმდა Moderna- ს 200 მილიონი დოზა შეიძინოს.

"COVID-19- ის პროფილაქტიკისთვის ახლა უკვე ხელმისაწვდომია ორი ვაქცინა, FDA–მ გადადგა კიდევ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი ამ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც იწვევს უამრავ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს აშშ-ში ყოველდღე"- თქვა FDA–ს ხელმძღვანელმა, სტივენ ჰანიმ.

ამ კვირის დასაწყისში რეგულატორებმა განაცხადეს, რომ Moderna-ს ვაქცინა უსაფრთხო და 94% ეფექტურია. ვაქცინის 30 000 ადამიანზე ჩატარებული ცდების საბოლოო შედეგის მიხედვით, Moderna-ს ვაქცინის კანდიდატი დაავადების სიმწვავის წინააღმდეგ 100%-იანი ეფექტურობით მოქმედებს. დატესტილ მოხალისეთა შორის კორონავირუსის გართულებული შემთხვევა საერთოდ არ აღმოჩნდა.

"გილოცავთ, Moderna ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია", - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ვაქცინას ორშაბათს გაიკეთებს განაცხადა, რომ Pfizer–ისა და Moderna–ს ავტორიზაცია "გვარწმუნებს, რომ უფრო ნათელი დღეები გველის", მაგრამ მან დასძინა, რომ "ბრძოლა Covid-19-ის წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა".

"ჩვენ ვიცით, რომ წინ უზარმაზარი გამოწვევებია, როგორიცაა წარმოების მასშტაბის გაზრდა, დისტრიბუცია და ასობით მილიონი ამერიკელის ვაქცინაცია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს რესურსი ამ ყველაფრის გასაკეთებლად და ამის გასაკეთებლად სწრაფად", - თქვა მან. 

აშშ-ში ვაქცინაცია ორშაბათს დაიწყო, ქვეყანაში პირველი აცრები Pfizer/BioNTech - ის ვაქცინით ჩატარდა, რომელიც 95%-ით ეფექტურია. აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. თეთრი სახლის განცხადებით, ამის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა.  გეგმის მიხედვით, თვის ბოლომდე 20 მილიონი ადამიანი აიცრება, მარტისთვის კი აშშ-ში ვაქცინის 100 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი, რაც 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვისაა საკმარისი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი