პოლიციელის ჩვენება, რომელიც ემყარება ოპერატიუყლი იფორმაციის ინკოგნიტო მიმწოდებელს, სასამართლოსთვის განაჩენის გამოსატანად არასაკმარისი დეტალი იქნება, - ეს გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლომ, რაც ნიშნავს, რომ პოლიციელთა საყვარელ ფრაზას "ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს" შსს მოქალაქეთა წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს.
ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოლიციელები მხოლოდ ოპერატიულ წყაროზე დაყრდნობით ვერ შეძლებენ იმის მტკიცებას რომ პირს შეძენილი ჰქონდა, ინახავდა ან ატარებდა აკრძალულ საგანს - მაგალითად იარაღს ან ნარკოტიკს. სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად სცნო და მნიშვნელოვანი ჩანაწერი გააკეთა ოპერატიული ინფორმაციით ჩხრეკასთან დაკავშირებით.
შეეხება თუ არა ეს გადაწყვეტილება გახმაურებულ საქმეებზე მსჯავრდებულებს, მაგალითად, გიორგი რურუას, რომელსაც იარაღი სწორედ თითქოსდა "ოპერატიული ინფორმაციის შედეგად" უპოვეს, ჯერ უცნობია.
ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ჩანაწერი უშუალოდ გიორგი რურუას არ შეეხოს.
ცნობისთვის. გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა.
გიორგი რურუას საქმეში დევს პოლიციელთა ჩვენებები, რაც ადასტურებს, რომ მათ რურუა თითქოს მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, იარაღით მისი გადაადგილების შესახებ, რაც, სავარაუდოდ, სიცრუეა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისი-წყნეთის მიმართულებით მიმავალი რურუა სამხარეულის ექსპერტიზის ოფისამდე არმისული, სასაფლაოების გასწვრივ გააჩერეს და მას, კრიმინალური პოლიციის დავალებით, საპატრულო პოლიცია ბენზინგასამართ სადგურთან ელოდებოდა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მაშინვე აედევნა რურუას, როგორც კი მიიღო მინიშნება კრიმპოლისგან და გიორგი რურუას მანქანა სწორედ იმ მონაკვეთზე გააჩერა, სადაც სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული. ასეთი თბილისი-წყნეთის ამ მონაკვეთზე მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრია.
სწორედ ამ გაჩერების დროს, ჩხრეკის ჩატარებისას, "აღმოუჩინეს" გიორგი რურუას არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისად, აქვე შედგა ჩხრეკის ოქმიც.
რურუას დაკავების შემდეგ, მისი დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის ცნობილი შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.
გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.