მარეგულირებელი კომისია "მთავარის" წინააღმდეგ მოკვლევას ამჯერად "შაბათის მთავარში" გასული სიუჟეტის გამო იწყებს. საუბარია ჟურნალისტ ბექა ყორშიას რეპორტაჟზე, რომელშიც ბექაურის კომისიამ უხამსობა აღმოაჩინა.
არხის იურისტი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისია უკვე რეპორტაჟებს შინაარსის კონტროლს იწყებს, რაც სხვა არაფერია თუ არა ცენზურა:
"მარეგულირებელი კომისია შედის სიუჟეტის შინაარსში და უნდა, რომ განახორციელოს კონტენტის კონტროლი, არაფერია, თუ არა ცენზურა. საბჭოთა ცენზურა ასეთი იყო ზუსტად.
დაიწყებენ სიუჟეტის ცენზურას, მერე გადავლენ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე... ეს არის ჟურნალისტის უფლების უხეში დარღვევა ისევე, როგორც მედიაკომპანიის უფლების დარღვევა. ამ ჟურნალისტს, ბექა ყორშიას, აქვს თავისი გამოხატვის კონკრეტული ფორმა. ის იყენებს სატირულ, ირონიულ, სარკაზმულ ენას საკუთარი აზრის გამოხატვისთვის.
ის არის ანალიტიკური გადაცემის ჟურნალისტი და საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ მოსაზრებებს და შეფასებებს კონკრეტული ფორმით, ეს არის მისი გამოხატვის ფორმა და არჩევანი, რაც დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და საქართველოს კონსტიტუციით" - ამბობს თამთა მურადაშვილი.
მარეგულირებელმა კომისიამ წლის ბოლო დღე "მთავარი არხის" დასჯას დაუთმო და "ოცნების" საჩივარზე, მარეგულირებელმა ტელეკომპანია სამართალდამრღვევად სცნო
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებების უკან, პოლიტიკური მოტივი და "ქართული ოცნების" ხელისუფლების დაკვეთებია.
"გამორიცხულია მორალურად გატეხვა ტელეკომპანია "მთავარის", ნიკა გვარამიასი, ეს არის შეუსრულებელი მისია და რას ემსახურება კობახიძის ნაბიჯი, ვერ გეტყვით, როცა იციან, რომ არ ტყდება ნიკა გვარამია. უბრალოდ, იმ სპირალში არიან მოქცეული, სადაც უკვე ჭკვიანურს ვერაფერს ვერ გააკეთებენ და მხოლოდ და მხოლოდ გაჯიუტებული არიან მძიმე, სულელური შეცდომების დაშვებაში", - ამბობს "ენმ"-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია.
"ქართული ოცნებისთვის" "მთავარი არხი" არის ერთერთი ყველაზე დიდი დისკომფორტი და ეხლა ისინი პირდაპირ გადავიდნენ ზეწოლის, მოხრჩობის ეტაპზე, ეს არის აბსოლუტურად უკანონო, უსაფუძვლო, არასამართლიანი ქმედება და სწორედ ამას ვაპროტესტებთ ჩვენ და ამიტომ არ შევდივართ პარლამენტში. ეს ხდება იმიტომ, რომ მიტაცებული აქვს ყველა ინსტიტუტი "ქართულ ოცნებას" , კანონი და სამართლიანობა მათთვის არ არის", - ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სხვა საკითხებთან ერთად, დღეს განიხილა "ქართული ოცნების" საჩივარი "მთავარი არხის" წინააღმდეგ - ყველა საარჩევნო სუბიექტისა და ცესკოსთვის უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის შესახებ, არჩევნების მეორე ტურის წინ. მარეგულირებელმა "მთავარი არხი" სამართალდამრღვევად ცნო და გააფრთხილა