როგორ უმკლავდებიან კორონავირუსს მსოფლიოში, მაშინ როდესაც საერთო შემთხვევები 84 მლნ-ს ასცდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტის გამოჩენასთან ერთად რიგ ქვეყნებში ვირუსის სტატისტიკა უარესისკენ შეიცვალა.

დიდ ბრიტანეთში, სადაც მუტაცია პირველად აღმოაჩინეს, უკვე მესამე დღეა ვირუსი 24 საათში 50 ათასზე მეტ მოქალაქეს უდასტურდება. ქვეყანაში ასევე დაითხოვეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც.
კოვიდცენტრები - რომლებიც პანდემიის დასაწყისში, მარტში აშენდა და ინფიცირების კლების შემდეგ დაიხურა - კიდევ ერთხელ გახსნეს

მწვავეა სიტუაცია საფრანგეთშიც, სადაც კოვიდ ინფექციის ახალი ვარიანტის გავრცელებასთან ერთად შემოღებული კომენდანტის საათი რეგიონების ნაწილში კიდევ ორი საათით გაახანგრძლივეს. 

ახალი შეზღუდვები დაწესდა ნორვეგიაშიც, სადაც ნებისმიერი ქვეყანაში შემსვლელი ვალდებულია კორონავირუსზე ტესტი ნორვეგიაში ჩასვლიდან 24 საათში გაიკეთოს. 

ამერიკის შეერთებული შტატები 2021 წლის პირველ დღეს ახალი ანტირეკორდით შეხვდა - კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბაამერიკა ამ დროისთვის ინფიცირების რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში იმაზე ორჯერ მეტი დაავადებულია, ვიდრე რეიტინგში მის ქვემოთ, მეორე ადგილზე, მყოფ ინდოეთში. 

სწორედ ინდოეთში დამტკიცდა დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელსაც ადგილობრივები არ ენდობიან და ლოკალურ ვაქცნიას ელოდებიან. 

რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილას მყოფ ბრაზილიას, აქ მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა პროტესტს მართავენ და ვაქცინაციის დაწყებას მოითხოვენ. პასუხს გაბრაზებულ მოსახლეობას არც ის პრეზიდენტი სცემს, რომელმაც ვაქცინის გაკეთებაზე უარი თქვა და არც მთავრობის სხვა წევრები

რუსეთში, რომელიც გავრცელების მიხედვით მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში დღეს, ახალი ანტირეკორდი დამყარდა - 24 საათში 26 301 მოქალაქე დაინფიცირდა. ამასთანავე, რუსეთმა აღიარა, რომ რეალურად ქვეყანაში კოვიდ ინფექციით იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ამას ოფიციალურ სტატისტიკაში აქვეყნებდნენ. შესწორების შეტანის შემდეგ ქვეყანამ გარდაცვალების მაჩვენებლით ინდოეთს გაუსწრო და მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა. 

ახალი შეზღუდვებით დაიწყო წელი ფილიპინებშიც, სადაც პრეზიდენტის განკარგულებით 3 იანვრიდან შეწყდება ფრენები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 

რაც შეეხება ჩინეთს, სადაც გუშინ, 24 საათში ვირუსის მხოლოდ 19 შემთხვევა დადასტურდა,პ ინფექციის ხელახალი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში ლოქდაუნი გამოაცხადეს.  ჩაკეტილია 6 სოფელი, ერთი ინდუსტრიული ზონა და შინუის უბანში მდებარე სამი შენობა, რომელიც ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი კერაა.

საერთო ჯამში მსოფლიოში კორონავირუსით 84 მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირდა მსოფლიოში - მათგან გამოჯანმრთელდა 59 მილიონი, 1,8 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი